English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა დიდი დანაკლისი - პროფესორი შალვა გოგიაშვილი

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართველი ინტელიგენციის შესანიშნავი წარმომადგენელი, ღირსეული პიროვნება, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი შალვა გოგიაშვილი. იგი დაიბადა 1948 წლის 2 მაისს, წითელწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში.

ბატონმა შალვამ 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა, 1971 წელს – თსუ საინჟინრო- ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაციით. 1974-1978 წლებში სწავლობდა მოსკოვის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1980 წელს მას მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1985 წელს – უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება. 1995 წელს მან ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში გაიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი კურსი – „მაკროეკონომიკა და პოლიტიკა.1997 წელს კი – USAID -ის მიერ სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებისათვის ორგანიზებული ტრენინგი კონკურენციის დაცვის პრობლემებსა და გამოცდილებაზე. 1973-1995 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ხოლო შემდეგ – განყოფილების გამგე.

ბატონი შალვა1984-2006 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებსა და სხვა საერო ინსტიტუტებში მოწვეული მასწავლებლის, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრისა და თავმჯდომარის, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელის რანგში. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს უძღვებოდა ეკონომიკური და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესის საფუძვლებისა და სხვა სასწავლო კურსებს. ფართო და მრავალფეროვანი იყო მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო: მოსახლეობის კეთილდღეობის კრებსითი პარამეტრების ანალიზი და პროგნოზირება, სოციალური ინფრასტრუქტურის სრულყოფის საკითხები, ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების პრობლემები, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მათ შორის განსაკუთრებით კონკურენციის პოლიტიკა და მისი განხორციელების პროცესები ინსტიტუციონალური რეფორმების გათვალისწინებით. აღნიშნულ პრობლემებზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო და ლექციების კურსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესორი შალვა გოგიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა სიმპოზიუმების, სემინარებისა და კონფერენციების მუშაობაში ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე, განსაკუთრებით პოსტსოციალისტური ეკონომიკის რეფორმირების მიმართულებით, კერძოდ, 45-ზე მეტი კონფერენციის მუშაობაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ალმა-ატა,ბაქო, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ერევანი, ვენა, ვილნიუსი, კიევი, კიშინიოვი, მოსკოვი, ოდესა, რიგა, სოფია,სტამბოლი, ტალინი, ულან-ბატორი). ბატონი შალვა, ასევე დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა „ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოს კონცეპტუალურ-ნორმატიული მოდელის“ შემუშავებაში აკ დემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით. 2016 წლიდან ის, როგორც მეცნიერ-მკვლევარი, იყო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის – „სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში“, აქტიური წევრი. მნიშვნელოვანია ასევე ბატონი შალვას ადმინისტრაციული საქმიანობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ, 1995 – 2007 წლებში ის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, შემდეგ სამმართველოს უფროსი, სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამინის- ტროსთან არსებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მთავარი ექსპერტი.

ყველა აღნიშნულ სამეცნიერო-პედაგოგიურ თუ სამეურნეო-ადმინისტრაციულ სფეროში ბატონი შალვა ეწეოდა ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, სტუდენტი – ახალგაზრდობისათვის ფრიად ნაყოფიერ და ეფექტიან საქმიანობას, იგი იყო პატიოსნების, წესიერების, ერთგულებისა და სანდოობის განსახიერება, საქმის სიღრმისეული მცოდნე, ძალზე მოწესრიგებული და პრინციპული, ამასთან, მეტად გულისხმიერი, თბილი და განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტობს შორის, სადაც მან იმოღვაწა სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომაც, მისი სახელი დიდხანს დარჩება მეგობარი კოლეგებისა და მრავალრიცხოვან სტუდენტთა ხსოვნაში.

მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა, ბატონო შალვა!

 

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

თსუ-ს ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა